თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

მთავარანგელოზობა

21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა", როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს.

წმ.მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც მან განჭვრიტა და მოგვცა სრულყოფილი სწავლება თავის ნაშრომში “ზეციურ იერარქიის შესახებ” წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაზე დაყრდნობით.

ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. საშუალო იერარქიას შეადგენენ : უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

ანგელოზთა შესახებ ცნობები წმიდა წერილიდან და წმიდა გარდამოცემიდან გვაქვს. სახარებაში ქრისტეც ბრძანებს: "ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხჰყოთ – ერთი მცირეთა ამათგანი; გეტყვით თქვენ, რამეთუ ანგელოზნი მათი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა"(მათე8,10).

"ანგელოზთა თვისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა" (ფს. 90,14).

ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი. "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა" – გვამცნობს დავით მეფსალმუნე.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან...

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, თბილისის და ა.შ.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!