რა უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახის საფუძველი?

2014-07-11

გაგაცნობთ მიხეილისა და ეკას ოჯახს. როგორ დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება და რას ურჩევენ ახალგაზრდებს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისინი თავად გვესაუბრნენ:

ეკა მირუაშვილი (წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის მაღაზიის გამგე): “ოჯახის შექმნა ძალიან მალე გადავწყვიტეთ. გაცნობიდან ზუსტად 2 თვეში გვქონდა ქორწილი. დაახლოებით ერთ თვეში უკვე ვიცოდით, რომ ცოლ-ქმარი უნდა გავმხდარიყავით. შემთხვევით ერთ ანსამბლში მოვხვდით. ჩემი მეუღლე ხალხურ საკრავზე უკრავდა, მე ვცეკვავდი. ფესტივალისთვის ვემზადებოდით”.

მიხეილ ქათამაშვილი (ავტოსატრანსპორტო სამსახურის უფროსი): “მთელი ანსამბლი მალორკაზე მივდიოდით ერთი თვით. გადავწყვიტეთ, რომ აღარ გაგვეწელა დრო და დავქორწინდით. მაშინ ეკლესიურად არ ვცხოვრობდით. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ეკას გაუჩნდა სურვილი, ეთქვა აღსარება”.

ეკა: “რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა. ვიმკურნალეთ, უამრავი გზა ვეძიეთ, მამაომ პარაკლისებიც გადაგვიხადა და როცა ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, მაშინ გაგვიჩნდა მარიამი”.

როდის დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

ეკა: “ეკლესიურ ცხოვრებას 2001 წლიდან შევუდექით. მარიამობას ვარძიაში დავიწერეთ ჯვარი. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სახლი ვაკურთხეთ და იმდენად მოგვეწონა მამა დავითი (დათუაშვილი), გადავწყვიტეთ, ჩვენი მოძღვარი გამხდარიყო. ქორწინებიდან დაახლოებით წელიწადნახევარში მივედით მამაოსთან”.

თქვენი აზრით, რაზე უნდა იყოს დამყარებული ქრისტიანული ოჯახი და განსაცდელების დაძლევაში ყველაზე მეტად რა გეხმარებათ?

ეკა: “სიყვარულზე, ნდობაზე, ურთიერთგაგებაზე. ალბათ, სწორედ ეს ყველაფერი ერთად გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ახლახან ასეთი შემთხვევა გვქონდა: პატარას სისხლის ანალიზი გავუკეთეთ და ცუდი პასუხი აღმოჩნდა. ძალიან ავღელდი, ემოციებს ავყევი. ტაძრიდან გამოსული მამაომ დამინახა. გაღიზიანებული და ატირებული რომ ვიყავი, მიზეზი მკითხა. მოვუყევი ყველაფერი. დამამშვიდა და მითხრა, რომ არ მენერვიულა, სანამ საბოლოო შედეგს არ გავიგებდი, გამახსენა, რომ თუ ღმერთი მწამდა და ვენდობოდი მას, ზუსტად უნდა მცოდნობა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მისმა სიტყვამ საოცრად დამაწყნარა. მართლაც, აღმოჩნდა, რომ არაფერი იყო სერიოზული”.

მიხეილი: “უფალი ქვეცნობიერად გეხმარება. თავიდანვე გაანალიზებული უნდა გქონდეს, რომ ოჯახის წევრი არის იგივე შენი სხეულის ნაწილი. ამას თუ აცნობიერებ, პრობლემებსაც სწორად უდგები. უფალი იმაზე მეტ ტვირთს არ მოგცემს, რისი აწევაც შენს ძალებს აღემატება. ყველას თავისი ჯვარი აქვს და ღირსეულად უნდა ატაროს”.

ბავშვები თუ დადიან ეკლესიაში და რა მხრივ შეარჩიეთ ნათლიები?

ეკა მირუაშვილი ეკა: “მარიამი 8 წლისაა და ახლახან ჩააბარა აღსარება. პატარა რომ იყო, ეშინოდა მამაოსი. სამი წლის წინ ეკლესიაში მივდიოდით და ვკითხე, ხომ არ გეშინია მამაოსი-მეთქი? და მიპასუხა: არა და იცი რატომო? იმიტომ, რომ მამაოსაც ისეთი ფაფუკი წვერები აქვს, როგორც თოვლის ბაბუასო. დღეს იცის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ სწამს ღმერთის და ხატებთან რომ დადგება და რაღაცას ითხოვს, სჯერა, ის აუცილებლად შეუსრულდება. ნუცისაც ხშირად ვაზიარებთ. ნათლიებად ჩვენი შორეული ნათესავები შევარჩიეთ, რომლებიც გვინდოდა, დაგვეახლოვებინა. რა თქმა უნდა, მორწმუნეები არიან და პირველ რიგში, სწორედ ამას მივაქციეთ ყურადღება”.

როგორ უნდა მივიყვანოთ ბავშვები ეკლესიამდე?

მიხეილი: “რა თქმა უნდა, არ უნდა დავაძალოთ, რადიკალური ცვლილებები სწრაფად არ მოვახდინოთ. უბრალოდ, მიმართულება უნდა მივცეთ და მაგალითი ვაჩვენოთ. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ინდივიდუალური მიდგომაც სჭირდება. მარიამს, მაგალითად, ჩვენ ვეუბნებოდით, მოდი, ჩვენთან ერთად ილოცეო. ნუცი კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, რომ დაგვინახავს, ვლოცულობთ, მოგვიდგება გვერდით, სეფისკვერს აკოცებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მეტანიებს აკეთებს ხოლმე, პირჯვრის წერაც თავისით ისწავლა. ნუცი სხვანაირია, ანუ შეიძლება თავისითაც მივიდეს ეკლესიამდე ჩვენი თხოვნისა თუ ჩარევის გარეშე”.

ეკა: “მე, მაგალითად, ვერ ვურჩევდი მშობლებს, ყოველ კვირას ატარონ შვილი წირვაზე ადრეულ ასაკში. ვფიქრობ, ბავშვისთვის ტაძარში მისვლა ზეიმი უნდა იყოს და ყოველ კვირა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ჩემი აზრით, პატარისთვის ცოტა რთულია”.

მიხეილი: “მეორე მომენტიცაა: ტაძარში რომ შედიხარ, სულ სხვანაირი მოწიწების გრძნობა გაქვს. როცა ეს ყოველდღიურ სახეს იღებს, თითქოს ყოფითი ხდება. რეალურად, ყველაზე კარგია, მოძღვარს კითხო რჩევა და ის უკეთესად განსაზღვრავს, პატარა რისთვის არის მზად. პირველ რიგში კი, მშობლებიდან უნდა მოდიოდეს ინიციატივა, თუმცა მამაო გვასწავლის, რა დოზით დავტვირთოთ ბავშვი, რომ არ მობეზრდეს, თორემ ერთი თუ გადაიფიქრა, მერე ძნელია უკან მობრუნება”.

ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

მიხეილ: “დიდი დაფიქრებაა საჭირო. მე, მაგალითად, დედაჩემი ყოველდღე მეჩხუბებოდა, რომ ცოლი მომეყვანა, თუმცა ამის გაგონებაც კი არ მინდოდა. ძალიან რთულია. მაგრამ ერთ დღესაც მოვედი და გამოვაცხადე, რომ ოჯახს ვქმნიდი. ეკასთვის არც მიკითხავს, ისე, ჩემთვის ვთქვი. შენ თვითონ შინაგანად უნდა მიხვდე, რამდენად მზად ხარ ამ ყველაფრისთვის. ადამიანი ჩამოყალიბებული უნდა იყოს და აცნობიერებდეს, რას ნიშნავს ოჯახის შექმნა, აანალიზებდეს, ცოლს რომ მოიყვანს, მერე რას აპირებს? კარგია, თუ მოძღვართან ახლო ურთიერთობა გაქვს, ის ხომ ყველაზე სწორ რჩევას მოგცემს?! ის უკეთესად მიხვდება, რამდენად მზად ხარ ამ ყველაფრისთვის და გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან დიდ როლს ითამაშებს”.

ეკა მირუაშვილი: “არის შემთხვევები, როცა დიდი ხანი იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლოს ოჯახს მაინც ვერ ქმნიან. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლის ნებაა და მაშინ ყველაფერი გამოვა. ოჯახი აუცილებელია, თუნდაც იმისათვის, რომ ერია გასამრავლებელი. ამას გარდა, ერთად უფრო ადვილია პრობლემების გადაჭრა, ვიდრე მაშინ, როცა მარტო ხარ”.

თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

რა უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახის საფუძველი?

 

გაგაცნობთ მიხეილისა და ეკას ოჯახს. როგორ დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება და რას ურჩევენ ახალგაზრდებს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისინი თავად გვესაუბრნენ: ეკა მირუაშვილი (წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის მაღაზიის გამგე): “ოჯახის შექმნა ძალიან მალე გადავწყვიტეთ. გაცნობიდან ზუსტად 2 თვეში გვქონდა ქორწილი. დაახლოებით ერთ თვეში უკვე ვიცოდით, რომ ცოლ-ქმარი უნდა გავმხდარიყავით.

“არასდროს არ უნდა ჩავარდე სასოწარკვეთილებაში”

 

“ჩვენთვის დიდი ტკივილია ჰერეთის დატოვება…” გაგაცნობთ ოთარ როსტიაშვილისა და ანა ტარტარაშვილის ოჯახს. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როდის დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება? ამ და სხვა თემებზე "ამბიონი" ესაუბრა ანა ტარტარაშვილს.

“ეკლესიის წიაღში სიყვარული და მწუხარებაც კი, კარგად არის გააზრებული”

 

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლს, ოთარ დანდურიშვილისა და ნინო გეჯაძის ოჯახს ვესტუმრეთ, ოთარი და ნინო რომლებმაც ეკლესიური ცხოვრება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, ერთმანეთი ტაძარში მსახურებისას გაიცნეს და თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ დაუკავშირეს.

“ეკლესიური ცხოვრება ყველას გვჭირდება”

 

ინტერნეტჟურნალი "ამბიონი" პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა მამუკა-ანჟელა ეკლესიის მრევლის მამუკა გუბელაძისა და ანჟელა ნაყოფიას ოჯახს. “ამბიონი” ესაუბრა მამუკა გუბელაძეს: – ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის, მაშინ თბილისში ვსაწვლობდი. ერთხელაც ჩემს დასთან წავედი და სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!