თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ქრისტიანობა »

განსაცდელისათვის - წმიდა ბერი ალექსი (შუშანია)

news poster

ოდეს მამამან ჩვენმან დაჰკარგა ნეტარება სამოთხისა, მაშინ ესმა წყევისა ხმა ღვთისაგან: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო და ქვეყანამან შენმან ეკალი და კუროს თავი აღმოგიცენოსო“. პირველად ორ აზროვანი ესე სიტყვა გავარჩიოთ ურთი-ერთისაგან, რამეთუ იტყვის: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო“, ესე იგი სჭამდე პურსა შენსა და შემდგომ დაუმატებს და ეტყვის: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდესო“. საგულისხმოა, რომ ოფლით და შრომის გარეშეა დამატებითი ესე მეორე სიტყვა, რომელიც იგულისხმების მხოლოდ განსაცდელზე და არა შრომის ჭირზე და ესე სახემან ქრისტესმან დაგიმტკიცოს, რამეთუ თავად განსაცდელისა მიიღო ეკალი. მაშასადამე, ბრძანება ღვთისა ყოველ კაცსა ზედა სრულ იქმნების და ქვეყანა, რომელ არს გვამი ჩვენი, ყოველს ადამიანს აღმოუცენებს განსაცდელსა ღვთისა განგებულებით. ჩვენ, უგულისხმოების ნისლსა შინა გახვეულნი და ღირსად ვერ მცნობი მიზეზთა ჭეშმარიტებისათა, მოყვარულნი ვართ გასვენებისა, ფუფუნებისა და ხლენა-ტრფიალისა, და თვით ესე არს და უპირველესი ცთომა ჩვენი, რამეთუ ღმერთმან გვიბრძანა ეკალთა და კუროს თავთა შინა ჭირითა და ოფლითა ცხოვრება და ჩვენ ფუფუნება და განსვენება გვსურის! აჰა, უგუნურება ჩვენი, რამეთუ გვსურის, რათა სურვილი ჩვენი მძლე ექმნას ბრძანებასა ღვთისასა! ლექსი ესე განსაცდელი თვით გამოაცხადებს თავის მნიშვნელობას, ესე იგი განიცდები, გინა გამოსაცდელად შენდა გამოიცადების განსაცდელის ჭირისაგან - რისთვის? მისთვის რომ გიყვარს თუ არა ღმერთი, ხარ თუ არა ძლიერი შვილი სარწმუნოებისა, მორჩილობ თუ არა ღვთისა ნებას და იცნობ თუ არა შენს ბუნებით უძლურებას? ყოველსა, რომელსა უყვარს ღმერთი, იგი განსაცდელსა შინა მომთმინე და მხნე არის; და რომელმან სიმხნით დაითმინოს იგი, განძლიერდების, და რომელი ესრეთ ჰყოფდეს, იგი მორჩილ არს ღვთისა ნებისა, და რომელმან ღვთის მორჩილებისადმი შეაგდო თავი, მან სძლია თავის ბუნებრივს უძლურებას. წინააღმდეგ ამისა, ვინც ვერ ცნობს თვისსა უძლურებასა, იგი ამპარტავან არს და მორჩილებისადმი ღვთისა ვერ მინდობილ არს, და რომელი ღვთის ნების მორჩილებას არა ყოფს, იგი თავის ძალის მინდობილი საღმრთო ძლიერებას ვერ მიიღებს, და ვინც არ განძლიერდება სულით, იგი მოთმინებას ვერ იქმს, და ვინც ვერ მოითმენს ჭირსა და განსაცდელსა, მას სარწმუნოება არა აქვს, და ვისაც სარწმუნოება არა აქვს, მას არ უყვარს ღმერთი.


ეხლა რას იტყვი, შენ, საყვარელო ძმაო! რისთვის არ შეითვისებ ამ აუცილებელს და განმწმენდელ მადლს, რომელ არს ჭირი და განსაცდელი? უამისოდ შენ მსგავსი ხარ ლერწამისა მცირე ნიავისა გინცა შერყეულისა: უგანსაცდელოდ შენ ვერ შთახვალ სიღრმედ სიმდაბლისა, უგანსაცდელოდ შენ ვერ განძლიერდები და ვერც შეისწავლი ნებასა ღვთისასა, უგანსაცდელოდ შენ იესოს ცნობასა და მოწაფეობას ვერ მიიღებ: მიიხედე გოლგოთისკენ და ნახე იესოს მოწაფეობის და მეგობრობის გზა: იხილე რომ „მეგობარნი მისნი წარვლინებულ იქმენენ სოფლად მგელთა შორის, ვითარცა კრავნი“. ესე იგი არს ჯუარცმად და სიკვდილად, და ყველანი მისნი წმინდანი მოციქულნი, მოწამენი, და მამანი ამათ შინა აღსრულდენ ღვთის სიყვარულის მსხვერპლად. აწ უკეთუ გიცნობიეს საღმრთო მოქალაქობა, უმართე მხარი ჭირსა და განსაცდელსა და მიიღე ცემა და შოლტი სოფლის უკუღმართობისაგან შენზედა მოწევნილი დევნისა, და შესვი ნაღველი და ძმარი, რომელ არს გრძნობათა განმამწარებელი უგემურობა. ნუ ორგულობ და ნურც უსასო იქმნები: უკეთუ კეთილსა იქმოდე და სიმართლესა ყოფდე, იცოდე ეს უნდა შეგეცვალოს განსაცდელად, ვითარცა წერილ არს: „მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ“ და ესე უყვეს იესოს და ყოველთა მისთა შედგომილთა.


ნუ დაღონდები, მხედარო და მეგობარი ქრისტესო! იტვირთე ჯვარი ტანჯვა-მწუხარებისა, ესევდი უფალსა, მხნე იყავ და განძლიერდი! მოვკვდეთ მეგობარნი მეუფისათვის, როგორც ქვეყნის მხედარნი ურიცხვნი კვდებიან მეფისათვის.


უკუღმართობა სოფლის იბრძვის დიდად და ჭირი და განსაცდელი განმრავლდა ფრიად, - რისთვის? მისთვის, რომ შემცირდა ჭეშმარიტება ძეთა კაცთაგან და ჭეშმარიტების შემცირებამან განამრავლა უბადრუკება და ჭირი, და ესრეთ განყოფანი ჭირთანი მრავალ არიან: ჭირი უძლურებისა და ავადმყოფობისა, ჭირი ნათესავთა სიკვდილისა, ჭირი სიღარიბისა, ჭირი დევნისა და უსამართლობისა, ჭირი ძმათაგან მეშურნეთა და მტყუართა, ჭირი ავაზაკთაგან და ჭირი შინაგანი უხილავი და სხვანი და სხვანი. გარნა ნაყოფი ამათ ყოველთაგან მომთმინეთათვის სიხარული არსა დაუსრულებელი და ზიარება არს ქრისტეს ვნებათა, მსგავსება არს ყოველთა წმიდათა, ძლევა არს ბუნებისა და გვირგვინი არს დაუჭკნობელი ნეტარებისა და ესე დაამტკიცე გულსა შინა შენსა, რამეთუ რაოდენიცა ჭირნი განმრავლდებიან შენზედა, ესოდენი დიდნი მადლნი განმრავლდებიან შენთვის საუკუნოდ, რამეთუ განსაცდელი და ჭირი კვერთხი არს მამისაგან სიყვარულით განსწავლებად შენდა უმჯობესისათვის, რამეთუ იტყვის წერილი: „შვილი, რომლი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯის, და ესე კვერთხი მამისგან ნუგეში არს მოხედვისა და თვინიერ ამისა შეუძლებელ არს პოვნად მადლისა და ნუგეშინის ცემისა, ვითარცა იტყვის დავით: „კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინის მცეს მე“. ნუ იტყვი გულსა შინა შენსა, ვითომ სიყვარულისაგან ტანჯვა უსამართლობა იყოს. მივხედოთ მშობელსა დედასა, თუ როგორ მისს საყვარელ ბავშვს ახალ-ჩვილს შეუკრავს ხელ-ფეხებს და ისე შეკრულს მაგრად გაჭიმულს აკვანში სტანჯავს თვინიერ ბავშვის სურვილისა, რათა არა უსწოროდ გაიზარდოს ასოები, და ესე ტანჯვა ბავშვისა სურვილისა გარეშე, არა სიძულვილისა ნიშანი არს, არამედ სიყვარულისა. ეგრეთვე ყოველი ტანჯვა ღვთისაგან მოსრული, სიყვარულისაგან არს, რათა არა უწესოდ აღიზარდოს სული ჩვენი. აწ საყვარელო ძმაო, გევედრები და გასწავლი ერთს საშუალებას საძლეველად ჭირისა და განსამხნევებლად შენდა, რომელიც თვით - ქრისტემან მოგვცა ჭირი და ბრძოლა, მწუხარება და ტანჯვა, აღიპყარი ხელი ზეცად და სთქვი სარწმუნოებით ესრედ: უკეთუ შესაძლებელ არს, ღმერთო, თანა წარხედინ სასმელი ესე და თუ არა და იყავნ ნება შენი კურთხეული! ამიერიდგან და უკუნისამდე! მოვიდეს რა იგი, შენ გნებავს, მოვიდეს, - იყავნ ნება შენი კურთხეულ და ესრეთ მისთა ნებათა მორჩილი და მისთანა ჯუარცმული და ტანჯვა მწუხარების გაძლებით დაფლული მისთანა აღსდგები და მისთანა ამაღლდები სუფევასა დაუსრულებელსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!