თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ქრისტიანობა »

მოწყალების შესახებ

news poster

ჩვენ ყველას გვიხარია ჩვენთვის საყვარელი ადამიანის დაბადების დღე.


და როცა ეს დღე ახლოვდება, ვიწყებთ ფიქრს, ზრუნვას, ღელვას, როგორ ვასიამოვნოთ მას. თუ ეს ოჯახის წევრია, გვინდა ჩვენი სახლი ამ დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდეს, ასევე ჩვენ თვითონაც... ვამზადებთ სუფრას, ვპატიჟებთ იმ ადამიანებს, რომელიც მას გაუხარდება. ანდა თუ სხვასთან მივდივართ, ვარჩევთ საჩუქარს და ა.შ.


მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ამ ადამიანზე, და იმაზე, თუ რა უყვარს თვითონ მას.


ახლა, როცა მოდის შობა უფლისა, ალბათ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვემზადოთ სადღესასწაულოდ. და ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ჩვეულებრივ, დაბადების დღეებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ მასზე, თვითონ მას რა გაუხარდება. მაგრამ როგორც კი ამაზე დავფიქრდებით, იმ წამსვე მივხვდებით, რომ სულ სხვაგვარი მზადება მოგვიწევს, სულ სხვაგვარ სილამაზეზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ის უფალია და გულთამხილავი. და ამიტომ ჩვენი ყველაზე ლამაზი სადღესასწაულო სამოსიცა და ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც მისთვის ალბათ ჩვენი გულია. მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე სახარებაში თვითონ გვეუბნება როგორები სურს, რომ ვიყოთ. და ერთ-ერთი ასეთი სურვილია, ვიყოთ მოწყალენი. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ“. - ამბობს უფალი. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მოწყალეებს ღმერთი განსჯის ჟამს შეწყალებას ჰპირდება.


ახლა დავუკვირდეთ, რა არის მოწყალება. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში მოწყალება ახსნილია, როგორც წყალობა, დახმარება, სიკეთე, სიბრალული, მათხოვრისათვის მისაცემი გასაკითხი. ამ სიტყვის საოცარ განმარტებას ვხვდებით სულხან-საბას ლექსიკონში. ესაა „მწუხარება სხვისა ბოროტსა ზედა“. ხოლო როცა ადამიანი წუხს სხვის ცუდზე, ბუნებრივია, სწუხს, როცა ის ამძიმებს და ღუპავს საკუთარ სულს. ე.ი. სწუხს მისი სულისა და ხორცისათვის. აქედან გამომდინარე, ეკლესიაში არჩევენ სულიერი და ხორციელი მოწყალების სახეებს.

შვიდი საქმე ხორციელი მოწყალებისა არის:

1) მშიერთა დაპურება, 2) მწყურვალთა სმევა, 3) შიშველთა შემოსვა, 4) უცხოთა შევრდომება, 5) სნეულთა მიხედვა, 6) პატიმართა მოკითხვა, 7) მიცვალებულთა დამარხვა.


ხოლო სულიერი მოწყალების სახეებია: 1) ცოდვილთა მოქცევა, 2) უმეცართა სწავლება (იგულისხმება სწავლება ჭეშმარიტებისა), 3) დაბრკოლებულთა განმართვა (ნიშნავს კეთილი და დროული რჩევის მიცემას ადამიანისათვის განსაცდელის ჟამს ან რაიმე საფრთხისას, რომელსაც თვითონ ვერ ამჩნევს), 4) მწუხარეთა ნუგეშისცემა, 5) უსამართლობის ატანა მოთმინებით, 6) შემცოდეთა მიტევება (ანუ წყენის პატიება), 7) მოყვასისათვის ღვთისადმი ვედრება.


ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ უფალს არ უყვარს ისეთი მოწყალება, რომელიც კეთდება თვალთმაქცურად, ანგარებით, რომლის მიზანია დაიმსახუროს ქება ან რაიმე მიიღოს სანაცვლოდ. ასევე მიუღებელია ისეთი მოწყალება, რომელიც არასამართლიანი გზითაა მოხვეჭილი. ამგვარი მოწყალების შესახებ იოანე ოქროპირი ამბობს: „თუ ჩვენ ერთი და იმავე ხელით ერთს ვძარცვავთ, ხოლო მეორეს ვმოსავთ, სასჯელს ვერ ავცდებით... ჯობს საერთოდ არ გაიღოთ მოწყალება, ვიდრე ასეთი“. ამიტომ, როგორც ჩანს, მოწყალების კეთებასაც დამსახურება უნდა, უფრო სწორად განწმენდა, რაც ისევ უფლის შემწეობით, ეკლესიური ცხოვრებითაა შესაძლებელი.


ჩვენი თანამედროვე, მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, თვლის, რომ ძალიან სახიფათოა, რომ ღვთის სიტყვები არ გადავაქციოთ მხოლოდ გარეგნულ კანონებად. „მე ვიცნობდი ერთ ადამიანს, - ამბობს ის, - რომელიც თავს ნამდვილ ქრისტიანად თვლიდა. ის არასდროს არ გაუვლიდა ღარიბს ისე, რომ არ დაეძახა, არ მიეცა რაიმე საჭმელი, ხურდა ფული; მაგრამ ღარიბს ის არასოდეს უშვებდა სახლში. ის აჩერებდა მას ზღურბლზე და ეუბნებოდა: „არ გაბედო შენი ჭუჭყიანი ჩექმებით ჩემს სუფთა დერეფანში შემოსვლა!“ და როცა გლახაკი საჭმელს მოათავებდა და ხურდასაც მიიღებდა, ეტყოდა: „ახლა წადი და აქ აღარ დაბრუნდე; მე ყველაფერი მოგეცი, შენ რაც გჭირდება!“ იგი ფიქრობდა, რომ აღასრულებდა მოწყალების საქმეს - გულში კი მას არავითარი მოწყალება არ ჰქონდა“.

სახარებაში უფალი მოგვითხრობს იგავს მოწყალე სამარიტელზე, რათა გვაჩვენოს, თუ რას ნიშნავს მოყვასი და, საერთოდ, როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანს.


ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქონში. გზაში ავაზაკები დაესხნენ თავს, გახადეს ტანსაცმელი, დაჭრეს და ცოცხალმკვდარი დააგდეს. შემთხვევით გზაზე ერთი მღვდელი მოდიოდა, შეხედა მას და გვერდი აუარა. ასევე მოიქცა ლევიტელი, დახედა და გზას გაუდგა. იმავე გზაზე მოდიოდა ვინმე სამარიტელი. მან დაინახა დაჭრილი, შეიწყალა, შეუხვია ჭრილობა, დაასხა ზეთი და ღვინო, შესვა თავის სახედარზე, მიიყვანა სასტუმროში და მოუარა. მეორე დღეს, როცა გზა უნდა გაეგრძელებინა, მან სასტუმროს პატრონს ორი დინარი მისცა და უთხრა: „უპატრონე ამას და, თუ ამაზე მეტს დახარჯავ, როცა დავბრუნდები, მოგცემ“. ამ დაჭრილის მოყვასი მხოლოდ ეს სამარიტელი აღმოჩნდა მოყვასი კი ყველა ადამიანი უნდა იყოს ღვთის მოწოდებით.


და ბოლოს, თუ ჩვენ ყოველივე ამაზე დავფიქრდით, ეს არ შეიძლება დარჩეს მხოლოდ საშობაო საჩუქრად უფლისათვის, რაზეც მომავალ შობამდე აღარ ვიფიქრებთ. თუ გვინდა, რომ თვითონ ღმერთმა შეგვიწყალოს, ერთჯერადი მოწყალების საქმე კი არ უნდა შევასრულოთ, არამედ უნდა ვიყოთ მოწყალენი, უნდა გვქონდეს მოწყალე გული, ამას კი მიღწევა სჭირდება.


მარინა ხოსიტაშვილი


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 1(103), 2001 წ.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!