თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ქრისტიანობა »

შობის მარხვა

news poster

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. სანთელი შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს. შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. საერთოდ, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.

საშობაო მარხვისას მორწმუნეები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან, რათა სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილები მიეახლონ ამ ქვეყნად დაბადებულ ძე ღვთისას.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. “როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!